top of page

კანდიდატის სტატუსით მანიპულირება ხელისუფლების მიერ

2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია ევროსაბჭოსადმი, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც არსებითად უნდა შეფასდეს, როგორც გეოპოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან. 

აღსანიშნავია, რომ რეკომენდაციის მიღებამდე და მას შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, კანდიდატის სტატუსის შესახებ შინაარსობრივად განსხვავდებოდა. თავდაპირველად, აცხადებდნენ, რომ სტატუსი ბევრ ქვეყანას აქვს და ამის მიუხედავად, ევროკავშირის წევრები ჯერ კიდევ ვერ გახდნენ.

 

ირაკლი ღარიბაშვილი (2022 წელი, 18 ნოემბერი): „...კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული და მას შემდეგ ისინი წლებია ელოდებიან წევრობასაც და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა მათ შემთხვევაში.“

ირაკლი ღარიბაშვილი (2022 წელი, 11 ივნისი): „...რაც შეეხება სტატუსს, სტატუსის ფასი რომ შევაფასოთ, ჩვენ ახლა ისე არ წარმოვაჩინოთ, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ სიმართლე და მე ვარ ვალდებული ჩვენს ხალხთან, კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, მაგრამ სიმბოლური, ასე ვთქვათ, მატარებელი.“

კახი კალაძე (2023 წელი, 1 მაისი), ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისა და ოპოზიციის შესახებ: „კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ძალიან კარგად გაიგო საზოგადოებამ, თუ რატომ მოხდა ეს. საქართველოს ხელისუფლება მათთვის წარმოადგენს პრობლემას, რადგან სანქციებს არ უერთდება, არ იწყებს ომს და არ ხსნის მეორე ფრონტს ქვეყანაში. ეს ყველაფერი ერთგვარ ბერკეტად გამოიყენეს.“ [...] „რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს უკვე ჩვენზე დამოკიდებული არ არის. თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება. თუ არ მოგვცემენ, არც ეს არის პრობლემა. ამ 12-პუნქტიან გეგმაში არც გვარამია და არც კრიმინალი სააკაშვილი ნახსენები არ არიან“

რა სახით ვლინდება მანიპულაცია ხელისუფლების მხრიდან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით?

2023 წლის 8 ნოემბერს, 15 საათსა და 29 წუთზე, ევროკომისიის ფეისბუქ გვერდზე, გამოქვეყნდა ფოტო წარწერით: „We recommend to grant candidate status(for Georgia)“, რითიც საზოგადოებამ შეიტყო, რომ ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია მისცა ევროსაბჭოს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში, რასაც თან სდევს, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებები: 

ურსულა ფონ დერ ლაიენი: „აქედან გამომდინარე, კომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას იმ პირობით, რომ ხელისუფლება მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს რეფორმის კუთხით“

ოლივერ ვარჰეი: „ეს მისწრაფებები უკეთესად უნდა ასახოს ხელისუფლებამ, რომელიც უფრო მეტად უნდა ჩაერთოს ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ეროვნული ინტერესების საკითხებში. და კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე ხელისუფლებამ შემდგომ პროგრესს უნდა მიაღწიოს 12 პრიორიტეტის განხორციელების საქმეში“

ურსულა ფონ დერ ლაიენი: „კომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს რეფორმების კუთხით. ნაბიჯებს, რომლებიც ასახავს მისი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.“

ჟოზეფ ბორელმა და სხვა ევროკავშირის წარმომადგენლებმაც, მსგავსი განცხადებებით ხაზი გაუსვეს ქართველი ხალხის უმნიშვნელოვანეს როლს, ევროკავშირში გაწევრიანებისა თუ კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში.

8 ნოემბერს, 15 საათსა და 38 წუთზე, საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, გამოქვეყნდა ფოტო წარწერით: „ევროკომისიის რეკომენდაცია ევროკავშირის საბჭოსადმი საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“

15 საათსა და 41 წუთზე, ანალოგიური ფოტო და ტექსტი გამოაქვეყნა Irakli Garibashvili-მა

15 საათსა და 48 წუთზე, TV Imedi-ს ფეისბუქ გვერდზე, ჩნდება ურსულა ფონ დერ ლაიენის ფოტო წარწერით: „ვაფიქსირებთ, რომ მთავრობამ გადადგა ნამდვილად პოზიტიური ნაბიჯები. შესაბამისად კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“

ამავე და მომდევნო დღეებში მედიები - TV Imedi და POSTV, სამინისტროების, საკრებულოების და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ოფიციალური ფეისბუქ გვერდები, აქვეყნებენ ანალოგიური შინაარსის შემცველ ფოტოებს/ტექსტებს.

არცერთი სამთავრობო მედიისა თუ უწყების მიერ გავრცელებულ პოსტში, არ არის ნახსენები, არც სიტყვა „ხალხი“, „ქართველი ხალხის დამსახურება“, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებებში ხსენებული სიტყვები/ფრაზები მკაფიოდ ისმოდა.

ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, წინა განცხადებებისაგან განსხვავებულ განცხადებებს ავრცელებენ ხელისუფლების წარმომადგენლები:

ირაკლი ღარიბაშვილი (2023 წელი, 8 ნოემბერი):  “მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს. [...] ევროკომისია დადებითად აფასებს მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი - ეს ნამდვილად არის ისტორიული დღე და ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება.”

მამუკა მდინარაძე (2023 წელი, 8 ნოემბერი): “მადლობა გვინდა გადავუხადოთ ევროკომისიის წარმომადგენლებს სამართლიანი და ობიექტური რეკომენდაციის გაცემისათვის, რომელიც არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ”

შალვა პაპუაშვილი (2023 წელი, 8 ნოემბერი): “ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოს და ევროპის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება, საქართველო ევროკავშირის მომავალი წევრია!”

ირაკლი ღარიბაშვილი (2023 წელი, 10 ნოემბერი): “არც ერთ მთავრობას არ გაუკეთებია ბოლო 30 წლის განმავლობაში ევროინტეგრაციაზე იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ - ეს გააკეთა "ქართულმა ოცნებამ", ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, პერსპექტივა და ახლა უკვე სტატუსი - ეს არის დაგვირგვინება ჩვენი ეფექტიანი მმართველობის”

ირაკლი ღარიბაშვილი (2023  წელი, 8 ნოემბერი): “ჩვენი მიზანი და მთავარი ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ევროკავშირში და ამ ოცნებას ყოველ დღე ვუახლოვდებით”

კახი კალაძე (2023 წელი, 8 ნოემბერი): “უდავოა, საქართველომ ევროინტეგრაციის პროცესში მიაღწია დიდ პროგრესს და ამის აღიარება, არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელია. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკომისიას, რომელმაც რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.”

ქართული ოცნების წარმომადგენელთა ბოლოდროინდელ განცხადებებზე საუბრობს პოლიტიკის მკვლევარი, გიორგი ხარებავა, რომელიც აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის დამოკიდებულება კანდიდატის სტატუსთან, არც მანამდე იყო იმედისმომცემი :

 

“ჩანს რომ ისინი დიდი ენთუზიაზმით არ არიან განწყობილი, მათ შორის არც ახლა ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გვახსოვს მათი ლიდერების განცხადებები, თუ მოგვცემენ კარგია, თუ არა და თავისთვის დაიტოვონ, გვახსოვს რადიკალური განცხადებებიც მათი რუპორების პირიდანაც. [...] ქართული ოცნება ყოველთვის ამბობდა, რომ იმსახურებდა სტატუსს და იმსახურებდა იმის საფუძველზე, რომ მმართველი პარტია ატარებდა შესაბამის რეფორმებს, რაც რა თქმა უნდა, არ არის სიმართლე”

საქართველო კანდიდატის სტატუსისა და ევროსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია. ამ პროცესში, ხელისუფლების თითოეული წარმომადგენლის განცხადება მნიშვნელოვანია. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხარისხი ევროინტეგრაციის პროცესში, წლევანდელი მოვლენების მიხედვით მაღალია, აქედან გამომდინარე, მაღალია ინტერესი ხელისუფლებისა და მათი ყოველი სიტყვის მიმართ.

bottom of page